თბილისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ამოქმედდება

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღეს.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები 16 აპრილიდან ეტაპობრივად მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მომატებული მგზავრთნაკადისა და სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულია ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტის ამოქმედება.
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარის შალვა ოგბაიძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებისა და მათივე თხოვნის შედეგად მიიღეს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მისი სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოგბაიძემ.

ცვლილება შეეხება უკვე არსებული ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებსაც: დაგრძელდება 6 მარშრუტი, ასევე 6 მარშრუტზე მოძრავი ერთეულების რაოდენობა შეიცვლება და ლოდინის ინტერვალები შემცირდება.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ლოდინის ინტერვალი 20 მარშრუტზე შემცირდება, ხოლო ორ მარშრუტს, მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, ახალი ინტერვალები განესაზღვრება.