ფიროსმანის ნახატები ნახევარი წლით სიღნაღის მუზეუმში იქნება გამოფენილი

სიღნაღის მუზეუმში ქართველი მხატვრის შემოქმედების ნახვა 15 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციის გამოფენა გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოფენა ხვალ, 15 აპრილს გაიხსნება. მას სიღნაღის მუზეუმი 2022 წლის 15 ოქტომბრამდე უმასპინძლებს.
უწყების ცნობით, ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება კოლექციაში დაცული ფიროსმანის 14 სურათი, პაბლო პიკასოს ცნობილი ოფორტი ნიკო ფიროსმანაშვილის გრაფიკული პორტრეტის გამოსახულებით და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან ორი ნამუშევარი – „რთველი" და „ერეკლე მეორე".
„მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცულ ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების კოლექციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის მხატვრულ მემკვიდრეობაში“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
მირზაანის მემორიალურ მუზეუმს თავის დროზე პირველი ექსპონატები საქართველოს მწერალთა კავშირმა და სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა გადასცეს, რითაც ჩაეყარა საფუძველი ცნობილ მირზაანულ კოლექციას. დღეს აქ ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ნამუშევარია დაცული.
საქართველოში ხელოვნების ციფრული მუზეუმი „ფიროსმანი“ შეიქმნა>>
რაც შეეხება პაბლო პიკასოს მიერ საგანგებოდ ილიაზდის (ილია ზდანევიჩის) წიგნისთვის - „ნიკო ფიროსმანაშვილი-1914“ 1972 წელს შექმნილ ნიკო ფიროსმანაშვილის გრაფიკულ პორტრეტს, მისი ორიგინალი მირზაანის მემორიალურ მუზეუმს 1985 წელს ილია ზდანევიჩის მეუღლემ ელენ დუარმა საჩუქრად გადასცა.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა, როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.