თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი ბაქოში ქართული დელეგაციის ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი კავშირების გაღრმავებაზე იმსჯელებენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, შედიან მისი მოადგილეები - გურამ გურამიშვილი და რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები აზერბაიჯანის ხელისუფლების პირველ პირებთან, მათ შორის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრები ასევე დაგეგმილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევთან.
ბაქოში შეხვედრების დროს მხარეების მიერ განხილული იქნება ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებისა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სექტორების კუთხით.
აზერბაიჯანი საქართველოს ტრადიციული სტრატეგიული ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია არაერთი სექტორის და დარგის მიმართულებით. 2022 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს ნომერ მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 248,81 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 49%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში ექსპორტმა აზერბაიჯანში 92,34 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 39%-ით მეტია გასული წლის იგივე პერიოდზე.