საქართველო იმპორტჩანაცვლების მიზნით ხორბლის წარმოების გაზრდას გეგმავს

საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში წარმოადგენს პროგრამას, რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე, მათ შორის მარცვლეული კულტურების მოყვანის გაფართოებაზე, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში.
ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართველი მეწარმეებისთვის აღარ იყო ხელსაყრელი ხორბლის შემოტანა და მისი აქ დაფქვა. შესაბამისად, შარშან გაიზარდა ფქვილის იმპორტი. ამჟამად უკრაინა–რუსეთის კონფლიქტმა მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

„დღეს არსებულმა სიტუაციამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, პირველ რიგში, მარცვლეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებაზე“, – განაცხადა შამუგიამ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში წარმოადგენს პროგრამას, რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას.
„ჩვენი მიზანია რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში ხორბლით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15%-დან 50%-მდე“, – განაცხადა შამუგიამ.
ამასთანავე მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მომენტში საქართველოს სურსათის მოწოდების კუთხით პრობლემა არ აქვს.
„ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს პროცესს და იმპორტიორებთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩვენ სურსათის მოწოდების პრობლემა არ გვაქვს“, – განაცხადა შამუგიამ.
FAO: სურსათზე მსოფლიო ფასები რეკორდულად გაიზარდა>>>
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის – მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელია.
2021 წლის ივნისში რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტიც არ იბეგრება, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი კი გასულ წელს 30%-ით შემცირდა.