მსოფლიო დღეს

პესკოვი: პუტინისა და ზელენსკის შეხვედრისთვის საჭიროა ნიადაგის მომზადება

პუტინს მსგავს შეხვედრაზე პრინციპული უარი არ უთქვამს, მაგრამ ამისთვის დოკუმენტის ტექსტი უნდა მომზადდეს, განაცხადა პესკოვმა.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარს არ ამბობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, მაგრამ საჭიროა ნიადაგის მომზადება, ხოლო დოკუმენტის ტექსტი ჯერ არ არსებობს, განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების — ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ახლო მომავლის საქმეა, ყველაფერი რუსეთის ლიდერის თანხმობაზეა დამოკიდებული.

„ჯერჯერობით არსებითი კუთხით ამ საკითხზე არანაირი სიახლე არ არის შეხვედრასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ პრეზიდენტს პრინციპული უარი არ უთქვამს მსგავს შეხვედრაზე, მაგრამ უნდა მომზადდეს შესაბამისი პირობები, კერძოდ, დოკუმენტის ტექსტი. ჯერჯერობით ახალს ვერაფერს გეტყვით“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ჩავუშოღლუმ, თავის მხრივ, დღეს აღნიშნა, რომ თურქეთში არ კარგავენ იმედს და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად აგრძელებენ დიპლომატიურ ძალისხმევას ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის.
„თუ უახლოეს დღეებში საომარი მოქმედებები გამწვავდება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა გართულდება“, – განაცხადა მან.
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი სტამბულში 29 მარტს გაიმართა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „სპეცოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის“ და უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში.