თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მყოფ ქართველ ექიმებთან თანამშრომლობას იწყებს, ნათქვამია უწყების პრეს-რელიზში.
სამინისტროში იქმნება „მრჩეველთა საბჭო“, რომლის წევრებიც საზღვარგარეთ მოღვაწე, სხვადასხვა დარგის წარმატებული კლინიცისტი მედიკოსები გახდებიან.
„მრჩეველთა საბჭო“ ჩაერთვება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შემუშავებაში.
გარდა ამისა, საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს მაღალკვალიფიციურ, ობიექტურ და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს გაუზიარებენ, აღნიშნავენ უწყებაში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ამერიკისა და ევროპის წამყვანი კლინიკების ექიმები ითანამშრომლებენ.
კერძოდ, ანგიოლოგი იოსებ ნანობაშვილი (ავსტრია), ნევროლოგი მაია პატარაია (ავსტრია), რადიოლოგი დიმიტრი ტვილდიანი (აშშ), ეპიდემიოლოგი თამარ კვარცხავა (აშშ), ქირურგ-ტრავმატოლოგი, თერაპევტი ირაკლი შოშიაშვილი (გერმანია), ქირურგი ივანე ჩაჩხიანი (ჩეხეთი), გიორგი ნადირაძე (გერმანია), პათოლოგოანატომი ალექსი ბაიდოშვილი (ჰოლანდია), ოტორინოლარინგოლოგი გივი მაღრაძე (გერმანია), ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი სოფიო ნატრიაშვილი (ავსტრია).