ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში ინფრასტრუქტურა დააზიანა

ბოლო ორი დღეა საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარი ქრის, თბილისში და რეგიონებში უამინდობამ პრობლემები შექმნა.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. შავ ზღვაზე ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სტიქიამ განმუხურის ამფითეატრის საძირკველი დააზიანა. ასევე დაზიანებულია სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები. პრობლემა შეექმნა მწვანე ნარგავებსაც.
მდინარე ენგურმა ანაკლიაში სამი სახლიც დატბორა. ენგურის ზღვასთან შესართავის გახსნის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა.
შტორმმა ასევე დააზიანა ფოთში, კუნძულის უბანში სანაპირო ზოლის ნაწილი.
უწყების ინფორმაციით, მდინარე ენგურზე ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, რითაც წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14–16 აპრილს საქართველოში უამინდობა გაგრძელდება და ყინვებია მოსალოდნელი.