თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. უახლოეს პერიოდში თბილისში ელექტრომობილების დამტენი დამატებით 23 ერთეული მოწყობილობა დამონტაჟდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლების იდეას, რაც მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. მთავრობის გეგმებში საქართველოს ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით ჩანაცვლებაა.
„23 დამატებითი ლოკაცია გვაქვს, სადაც ელექტროდამტენებს განვათავსებთ და ქალაქის მასშტაბით ელექტრომობილების დატენვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კალაძემ.
ამ დროისათვის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 45 ელექტროდამტენია დამონტაჟებული. კალაძის თქმით, ელექტროდამტენების დამონტაჟება თბილისის ქუჩებში ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა შეჩერდა, მათ შორის, აღნიშნული პროგრამაც.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავალებული ჰქონდა ქალაქის მასშტაბით ელექტროდამტენების განთავსება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წავახალისოთ ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოსა და, რა თქმა უნდა, თბილისში. დღეისათვის ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ბიზნესთან თანამშრომლობით 45 ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ ისე, რომ მუნიციპალიტეტიდან თანხები არ დახარჯულა“, – აღნიშნა მერმა.
საქართველომ 2019 წლის გაზაფხულზე ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ განაცხადა. შესაბამის მემორანდუმს ქართულმა ჰოლდინგმა IGroup ჩინურ კონსორციუმ Changan Automobile-თან მოაწერა ხელი.
გეგმის მიხედვით, ქარხნის მუშაობის დაწყებიდან 1,5 წელში 5 ათასამდე ელექტრომობილის წარმოება იგეგმებოდა. თუმცა, პროექტის განხორციელება კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა.
2017 წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზარდა, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელსა და ძრავის მოცულობაზე. მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზი, პირიქით, შემცირდა 60%-ით, ხოლო ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმდა.