საქართველო გაეროს არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის წევრი გახდა

საქართველოს ექნება შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს კომიტეტის მუშაობაში და გაეროს მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვაში.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის წევრად 2023 წლიდან 2026 წლამდე ვადით აირჩიეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველო არჩეულ იქნა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) პლენარული სხდომის ფარგლებში.
საქართველოს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით წვლილი შეიტანოს კომიტეტის მუშაობაში, ხელი შეუწყოს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეზოლუციით გათვალისწინებული პრინციპების განხორციელებას და გაეროს მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტი არის ECOSOC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც საბჭომ 1946 წელს დააარსა.
კომიტეტი შედგება 19 წევრისაგან, რომლებიც აირჩევიან სამართლიანი გეოგრაფიული პრინციპის საფუძველზე: ხუთი წევრი აფრიკის ქვეყნებიდან; ოთხი წევრი აზიიდან; ორი წევრი აღმოსავლეთ ევროპიდან; ოთხი წევრი ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის ქვეყნებიდან; და ოთხი წევრი - დასავლეთ ევროპის ქვეყნები და სხვა სახელმწიფოები. ბიუროს წევრების უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია.
წყარო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო