„ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში ოპოზიციასთან არ ითანამშრომლებს

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს თავიანთი რევოლუციური გეგმების დაჩქარება უნდათ, აღნიშნა კობახიძემ.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კითხვარის შევსების საკითხში რიგ ოპოზიციურ პარტიებთან არ ითანამშრომლებს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველომ კვირის დასაწყისში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“, ამასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა წარმოადგინეს.
„ლელო“ თავის სტრატეგიაზე ბაკურიანში მუშაობდა და ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგია. შესაბამისად, მათთან თანამშრომლობას ნამდვილად არ ვაპირებთ ამ კითხვარის შევსებისას“, – განაცხადა კობახიძემ.
პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ მიერ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შემუშავებული სტრატეგია ითვალისწინებს საქართველოსთვის გამოგზავნილი კითხვარის გამოქვეყნებას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სამაგალითო პასუხების წარმოდგენას პარლამენტის სხდომაზე, ევროინტეგრაციის კომიტეტის გაძლიერებულ მუშაობას, მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციასთან შეთანხმების შესრულებას და ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში შესვლის სტრატეგიის წარმოდგენას.
კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე ევროკავშირის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.
„გამჭვირვალობის კუთხით ჩვენ არავითარი პორობლემა არ გვაქვს. მთავარია, როგორია სტანდარტი და ამ სტანდარტს გავყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.
მან პარტიებს „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობის“ სატელიტები უწოდა.
საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა>>
„ნაცმოძრაობას“ თავისი სატელიტებით უნდა ერთადერთი რამ დღეს – საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც სწორედ ამ განზრახვას უკავშირდება“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის ნაწილსა და „ოცნებას“ შორის ურთიერთობები უკრაინის მოვლენების ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ოპოზიცია რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვს, მმართველი პარტია კი მათ ომის გაჩაღების მცდელობაში ადანაშაულებს.