საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანა გაიზარდა - ახალი სტატისტიკა

თუ მონაცემებს 2019 წლის პირველ სამ თვეს შევადარებთ, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 69%-ია.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს ექვსივე აეროპორტი – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ნატახტრის, მესტიისა და ამბროლაურის – 2022 წლის პირველ კვარტალში 700,2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 565%-ით მეტია, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ყველაზე მეტ მგზავრს (507.050) მოემსახურა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა შეადგენს 407%-ს. ამ მონაცემებით აეროპორტი 2019 წელს დარეგისტრირებული მგზავრების რაოდენობას 63%-ით დაუბრუნდა.
მეორე ადგილზეა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 121.470 მგზავრს მოემსახურა. ზრდა შეადგენს 37.047%-ს 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2021 წლის ამავე პერიოდში აეროპორტი 327 მგზავრს მოემსახურა). 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენა 77%-ს შეადგენს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 68.474 მგზავრს, რაც 1.635%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს და 32%-ით მეტი 2019 წელთან შედარებით.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, გაერთიანების ინფორმაციით, მესტია პირველ სამ თვეში მოემსახურა 1.407 მგზავრს, რაც 307%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 13%-ით მეტი, ვიდრე 2019 წლის პირველ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობა.
რა ცვლილებებია შიდა ფრენების განრიგში>>
ამბროლაურის აეროპორტმა წლის პირველ სამ თვეში 278 მგზავრი მიიღო. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგენს 153%-ს, ხოლო 2019 წელთან შედარებით – 43%-ს.
ნატახტრის აეროპორტით ისარგებლა 1.521-მა მგზავრმა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 234%-ით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია.
ტვირთების გადაზიდვა
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 4.483.077 ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემზე 3%-ით მეტია. გასული წლის იანვარ–მარტში გადაიზიდა 4.360.362 ტონა.
აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ სამგზავრო გადაზიდვებისგან განსხვავებით, სატვირთო გადაზიდვები საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო არ შეჩერებულა.
საჰაერო სივრცის გამოყენება
უწყების ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება 53%-ით გაიზარდა – განხორციელდა 22.205 ფრენა.
„საქართველოს მსგავსად, საჰაერო მიმოსვლა გააქტიურდა სხვა სახელმწიფოებშიც. შესაბამისად, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 53%-ით, 2019 წელთან შედარებით კი შემცირდა 33%-ით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში უფრო მეტი ავიაკომპანია იფრენს>>
სულ 2022 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტებში შესრულდა 3.978 რეისი, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 207%-ით მეტია; აღდგენა 2019 წლის დონესთან მიმართებით შეადგენს 76,5%-ს. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა იყო 2.996, ხოლო ჩარტერული რეისების – 982.
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ლიდერობს ავიაკომპანია Turkish Airlines, რომელსაც ქართული ავიაბაზრის 13% უკავია. მან გადაიყვანა 90.258 მგზავრი. ამდენივე პროცენტით (13%) მეორე ადგილზეა ლოუკოსტერი Wizz Air, რომელმაც 89.442 მგზავრი გადაიყვანა.
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ავიამიმოსვლა საქართველოში 2021 წლის 1 თებერვალს აღდგა.
საქართველოში 2021 წელს 40 საერთაშორისო ავიაკომპანია ოპერირებდა. მათ რეგულარული და არარეგულარული რეისებით დაახლოებით 2,5 მლნ მგზავრი გადაიყვანეს. პანდემიამდე, 2019 წელს ბაზარზე 46 ავიაკომპანია ოპერირებდა. მათ მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 5,2 მილიონს მიაღწია.