ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა

შემთხვევის ადგილებზე გასული არიან მერიის შესაბამისი სამსახურები.
Sputnik
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ძლიერი ქარის გამო რუსთავში პრობლემები შეიქმნა – წაქცეულია ხეები, მოტეხილია ხის ტოტები, დაზიანებულია სახურავები და სანაგვე ურნები, იუწყება „ინფო რუსთავი“.
კერძოდ, ძლიერმა ქარმა მაიაკოვსკის, ჭყონდიდელის დასახლებასა და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
ქარმა წააქცია ხე ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზეც. ასევე სახურავი ახადა ქალაქის მუნიციპალურ შენობას, რის შედეგადაც თუნუქის ნაწილები ცენტრალურ მოედანზე დაცვივდა.
ქალაქის მასშტაბით ცენტრალურ საავტომობილო გზებზე მიმოფანტულია სანაგვე ურნები, რომელთა ნაწილიც დაზიანებულია.
შემთხვევის ადგილებზე გასული იყო ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე. ქარის მიერ მიყენებული დაზიანების შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია შეუძლიათ დააფიქსირონ ქალაქის ცხელ ხაზზე – 1300.