თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. თბილისში ძლიერი ქარის გამო ხის დაცემის შედეგად დაშავებული 40 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ ვარკეთილში მოხდა.
დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „ოპტიმალ მედიში“ გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. მიღებული ტრავმები აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი და 16:30 საათზე პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადეს კლინიკა „ოპტიმალ მედიში“.
შემთხვევის შედეგად დაშავებულ მეორე ქალს „ბოკერიას კლინიკაში“ ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათთან მოთავსებული პაციენტი, ასევე 40 წლის ქალი საავადმყოფოში ბარძაყის მოტეხილობით შეიყვანეს. პაციენტი რჩება ინტენსიურ განყოფილებაში მონიტორინგის ქვეშ.
დღეს ძლიერი ქარის გამო თბილისში პრობლემები შეიქმნა – წაქცეულია ხეები, მოტეხილია ხის ტოტები, დაზიანებულია სახურავები, იუწყება დედაქალაქის მერია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარი 13 აპრილსაც არის მოსალოდნელი. შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დროებით ჩამოხსნილია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დროშა კვლავ აღიმართება.