საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო: ვის შეეხება სიახლე

მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის ვადა გადაუანგარიშდებათ, მათ შორის წინასწარი პატიმრობის პერიოდში.
Sputnik
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი „ამნისტიის შესახებ“ – ის შეეხება პატიმრებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის დროს პაემნების უფლებით ვერ ისარგებლეს, ასევე პირებს, რომლებმაც დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს.
პარლამენტმა კანონს 87 ხმით, ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.
კანონის მიხედვით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. თუმცა, ეს არ შეეხება უვადო პატიმრობამისჯილ პირებს, ასევე მკვლელობისთვის, არაადამიანური მოპყრობისთვის, ტერორიზმისთვის, თანამდებობრივი და სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს.
რაც შეეხება ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, რომლებიც ამჟამად იხდიან სასჯელს და პატიმრობაში 2020 წლის 5 მარტიდან 25 მაისამდე და 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდებშიც იმყოფებოდნენ, მათ აუნაზღაურებენ კოროვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინის გამო გამოტოვებულ პაემნებს.
ასეთ პატიმრებს სასჯელის მოხდის ვადა გადაუანგარიშდებათ (მათ შორის წინასწარი პატიმრობის პერიოდში) შემდეგი სქემის მიხედვით: პატიმრობის ოთხი დღე გაუტოლდება თავისუფლების აღკვეთის ხუთ დღეს.
ამნისტია ძალაში შევა გამოქვეყნებიდან მესამე სამუშაო დღეს.