მკვლელობა ორთაჭალაში: პოლიციამ ორი პირი დააკავა

უწყების ცნობით, ორთაჭალაში ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. თბილისში, ორთაჭალაში დღეს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 19 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი, 21 წლის მამაკაცი, მას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს თბილისში, ორთაჭალის ქუჩაზე რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ახალგაზრდამ 33 წლის და 34 წლის მამაკაცებს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად 33 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო 34 წლის მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ინციდენტში მონაწილე 21 წლის ახალგაზრდა მკვლელობის და დაჭრის ფაქტს შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
მკვლელობის საქმეზე დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.