თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტები 27 აფთიაქში გამოავლინა.
სამართალდარღვევები თბილისში არსებულ როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დაფიქსირდა.
სააგენტოს ცნობით, საუბარია მეორე ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე, რომლის რეცეპტიც 1 მარტიდან მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.
გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაეგზავნა სასამართლოს.
საქართველოში ელექტრონული რეცეპტის სისტემა 1 მარტიდან ამოქმედდა. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია მეორე ჯგუფისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი გასცენ მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად, „ფორმა N3“ რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები.
გამონაკლისი იმოქმედებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვისას და პრეპარატების გაცემა მოხდება რეცეპტის გარეშე.
ჯანდაცვის სამინისტრომ იმ ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხა, რომლებიც ე.წ. „გადაუდებელი დახმარების ჩანთაში“ შედის, საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც ადრე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ელექტრონული რეცეპტების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას და, შესაბამისად, წამლებზე ფასების შემცირებას.