სისხლიანი გარჩევა „ლაგუნა ვერესთან“: პატიმრობა კიდევ ორ პირს შეეფარდა

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.
Sputnik
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. „ლაგუნა ვერესთან“ სროლის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ბრალდებულ კიდევ ორ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამგვარად, ამჟამად ბრალი წარდგენილი აქვს რვა პირს, საიდანაც შვიდს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 2 აპრილს მოხდა კოსტავას შესახვევში მდებარე ერთ-ერთ ოფისში. ჩხუბი, რომელშიც დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, სროლაში გადაიზარდა. სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი – კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ბიზნესმენი მარლენ მეტრეველი.
ამ დროისათვის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულია და პატიმრობაში იმყოფება შვიდი ადამიანი, კიდევ ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის ოთხი მუხლით: „ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“ (109-ე მუხლის მე-3 პუნქტი), „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ“ (117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა“ (376-ე მუხლის მეორე ნაწილი), „ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“ (236-ე მუხლი).
წყარო - საქართველოს პროკურატურა