თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველო აღნიშნული განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, მაგრამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება გადაწყვიტა.
კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion) ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„ეს არის ლოგიკური და ევროკავშირის პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯი, რაც მოიაზრებს ქვეყნის მზადყოფნის შეფასებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონმდებლობის თავსებადობის მიმართულებით. კითხვარის გადმოცემით საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, ბევრად ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კითხვარში 369 კითხვაა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე პარტნიორს მიუღია. მანამდე ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები 2.000-დან 5.000-მდე კითხვაზე სცემდნენ პასუხს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 2022 წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე იგეგმება.
უკრაინამ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს მოუწოდა, „საგანგებო წესით“ განიხილოს საქართველოს განაცხადი და ქვეყნისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.