გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზი: რუსეთის ეკონომიკა „ღრმა რეცესიაშია“

Sputnik
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციებით დაზარალებული რუსეთის ეკონომიკა წელს 11,2%-ით შემცირდება, ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილ ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკების შესახებ მოხსენებაში.
ამასთან, განახლებული პროგნოზით, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო, შესაძლოა, 45,4%-ით დაეცეს.
გარდა ამისა, შემცირდება ბელარუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და მოლდოვის ეკონომიკებიც, ხოლო რეგიონის დანარჩენი ქვეყნების მშპ „ანემიური ტემპებით“ გაიზრდება. და ეს მაშინ, როდესაც „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებამდე მსოფლიო ბანკმა 2022 წელს რეგიონის ეკონომიკის 3%-იანი ზრდა იწინასწარმეტყველა.
როგორც საფინანსო ინსტიტუტში აღნიშნავენ, ამჟამინდელი კლება რიგით მეორე იქნება კოროვირუსული პანდემიის დაწყების შემდეგ, და ამასთან ორჯერ გადააჭარბებს პანდემიის გამო მშპ-ის კლებას.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუსეთი „უკვე ღრმა რეცესიაშია ჩავარდნილი“. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, რუსეთისთვის ინვესტიციები 16,9%-ით შემცირდება, ექსპორტი — 30,9%-ით, იმპორტი — 35,2%-ით. ამასთან ინფლაცია 22%-მდე გაიზრდება, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა წილი 11%-დან 12.8%-მდე აიწევს.