თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. საქართველოს ეკოტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო და სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ნორვეგიის სამოგზაურო და ეკოტურისტული გამოცემების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
„მათ ინტერესს ეკოტურიზმი და ფრინველებზე დაკვირვება წარმოადგენს საქართველოში. ტურის შემდეგ რეიტინგულ გამოცემებში სტატიები დაიბეჭდება, რაც ხელს შეუწყობს ეკო-ტურიზმის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს უფროსმა, მარინა ბოჯგუამ.
ტურის ფარგლებში სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლებმა თბილისი, სიღნაღი, დავით-გარეჯი მოინახულეს, ასევე დაათვალიერეს დაცული ტერიტორიები - ჭაჭუნის აღკვეთილი და ვაშლოვანის ეროვნული პარკი.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურის მონაწილეები კახეთში ღვინის მარნებს ესტუმრებიან, გაემგზავრებიან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. გამოცემების მეცნიერები და მკვლევრები ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკოს“ წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომელიც 2014 წელს ველური ბუნების კონსერვაციის ქართულმა ცენტრმა დააარსა და BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორია.
ტურის მონაწილეები საქართველოს ფლორის, ფაუნის და ქვეყნის ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სამეცნიერო სტატიებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის (Bird Watching) განვითარებას.
წყარო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია