თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქეები დღეს თბილისში საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტს ირჩევენ.
საფრანგეთში და მის საზღვაო ტერიტორიებზე კვირას პარიზის დროით 08:00 საათზე (თბილისის დროით 10:00 საათზე) დაახლოებით 70.000 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებში მონაწილეობს 12 კანდიდატი, მათ შორის საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
საფრანგეთის მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემა თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, რესპუბლიკის საელჩოში 19:00 საათამდე შეუძლიათ.
საფრანგეთის პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრით. არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაახლოებით 49 მილიონ ამომრჩეველს შეუძლია.
კომპანია Elabe-ს გამოკითხვის მიხედვით, 8 აპრილის მდგომარეობით, მაკრონმა პირველ ტურში ხმების 26% შეიძლება მოიპოვოს, ლე პენმა - 25%. მაკრონსა და ლე პენს შორის სხვაობა მეორე ტურშიც შემცირდა: საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა 51% შეიძლება მოიპოვოს, ხოლო მარინ ლე პენმა - 49%.