თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. თბილისში უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სამშენებლო სამუშაოები არსებული საფეხმავლო ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. ამ ეტაპზე, ხიდის და გზაგამტარის ბურჯები ეწყობა. პროექტის მიხედვით, ასევე გრუნტის დამცავი საყრდენი კედელი ეწყობა.
ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაკის გზის გვერდის ავლით, რომელიც ხშირად გადატვირთულია.
პროექტის რეალიზაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარამდე გამოიყო. მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და 2023 წლისთვის დასრულდება. ხიდი იქნება ოთხზოლიანი და მისი სიგრძე დაახლოებით 500 მეტრს შეადგენს.