თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარე მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შრომის კულტურის სახლში შემორჩენილია უნიკალური დეკორატიული ელემენტები, მაგრამ მისი მდგომარეობა სავალალოა.
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მზადდება.
კულტურის სახლი სოფელ შრომაში
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
სამინისტროს ინფორმაციით, შრომის კულტურის სახლი საქართველოში შემორჩენილ კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურით და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
შესაბამისი ტენდერი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა.
„რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 140 ათას ლარს შეადგენს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მოხდება ფასადებისა და შიდა სივრცეების რეაბილიტაცია-გაწმენდა, გამაგრება, აღდგენა, რესტავრაცია, ღობის რეაბილიტაცია, ასევე, ტერიტორიის კეთილმოწყობა“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება შენობის ავთენტურობის შენარჩუნება, ასევე შშმ პირებისათვის შეიქმნება ადაპტირებული გარემო.
კულტურის სახლი სოფელ შრომაში
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
კულტურის სახლის შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ამიტომ, რეაბილიტაციის შედეგად სრულად იქნება შენარჩუნებული და აღდგენილი მისი ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული ელემენტი და მხატვრული დეკორი.
სოფელ შრომის კულტურის სახლი გამორჩეული არქიტექტურული შენობაა, რომელიც 1956 წელს აშენდა. შენობა დეკორატიული ელემენტებით შემკული ფასადებით ხასიათდება. მხატვრული ელემენტების სიმდიდრით გამოირჩევა კულტურის სახლის დარბაზი, მასშტაბურია სოც-რეალიზმის სტილში შესრულებული პლაფონის ცენტრალური მხატვრული კომპოზიცია, რომელიც ასახავს ცის ფონზე წარმოდგენილი გურული გლეხების ყოფით სცენებს.