ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი კვლავ საქართველოს ესტუმრება

ბეგბედერი შეხვდება თავის თაყვანისმცემლებს, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს და ავტოგრაფებს დაარიგებს.
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ცნობილი ფრანგი მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი და გახმაურებული რომანების „99 ფრანკისა“ და „სიყვარული სამი წელი ცოცხლობს“ ავტორი ფრედერიკ ბეგბედერი 4-6 მაისს თბილისს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გამომცემლობამ „პალიტრა L“, რომელიც ბეგბედერის წიგნებს ქართულ ენაზე გამოსცემს.
ბეგბედერი შეხვდება თავის თაყვანისმცემლებს, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს და ავტოგრაფებს დაარიგებს. სხვა დეტალები და ასევე შეხვედრის ადგილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ფრედერიკ ბეგბედერი ავტოგრაფებს არიგებს
ფრედერიკ ბეგბედერი თბილისს მეორედ ეწვევა. პირველად ის ქართველ მკითხველებს 2016 წელს შეხვდა. მაშინ ბეგბედერი თბილისში ქართული ჟურნალი "12"-ის რედაქტორის, პარიზში მცხოვრები მსახიობის ოლგა ბაბლუანის მოწვევით იმყოფებოდა.
ფრედერიკ ბეგბედერი საფრანგეთის ქალაქ ნიოი-სიურ-სენში (Neuilly-sur-Seine) დაიბადა. დედა ფრანგულ ენაზე ქალთა რომანებს თარგმნიდა, მამა კი პროფესიონალი რეკრუტერი იყო.
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს მწერალთა სახლში
პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტისა და შემდეგ ინფორმაციისა და კომუნიკაციების უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული ბეგბედერი მსხვილ სარეკლამო სააგენტო Young and Rubicam-ში კოპირაიტერი ხდება.
ამავდროულად ის ლიტერატურის კრიტიკოსის რანგში თანამშრომლობდა პოპულარულ ჟურნალებთან Elle, Paris Match, Voici ou encore VSD.
რომან „99 ფრანკის“ გამოსვლის შემდეგ, რომელიც სარეკლამო ბიზნესის მწვავე სატირას წარმოადგენს, ბეგბედერს Young and Rubicam-იდან ათავისუფლებენ.
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი
ამის შემდეგ ბეგბედერი 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფრანგი პოლიტიკოსის რობერ იუს (Robert Hue) უფასო კონსულტანტი გახდა. 2003 წლის იანვარში საგამომცემლო ჯგუფმა Flammarion ბეგბედერს რედაქტორის ადგილი შესთავაზა.
ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მწერალს დამსახურებული დიდება მოუტანა რომანებმა: „შეშლილი ახალგაზრდის მემუარები“ (1990), „არდადეგები კომაში“ (1995), „სიყვარული სამი წელი გრძელდება“ (1997), „ნოველები ექსტაზის დროს“ (1999), „რომანტიკული ეგოისტი“ და „99 ფრანკი“, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა 2000 წელს.
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი
გარდა ამისა, ის ლიტერატურული პრემიის დამფუძნებელია, რომელიც მიშელ უელბეკისა და ვირჟინია დეპანტის წიგნებს მიენიჭა.
ბეგბედერმა კინემატოგრაფიაშიც კი მოსინჯა ბედი — გადაღებულია ეპიზოდურ როლში პორნოგრაფიულ ფილმში „მენავის ქალიშვილი“.