თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საცხენოსნო ტურნირი - დოღი დაბრკოლებათა გადალახვაში 16-17 აპრილს ლისის ტბასთან მდებარე იპოდრომზე გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
ასპარეზობაზე მოწვეული არიან საცხენოსნო კლუბები თბილისიდან, ფოთიდან, ბოლნისიდან, ახალუბნიდან, ასევე ბათუმიდან და ზუგდიდიდან. დოღზე დასწრება უფასოა. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაცია.
ცხენოსნობის ისტორია საქართველოში
მეცხენეობა და ცხენოსნობა საქართველოში უძველესი დროიდან იყო განვითარებული. დოღს საინტერესო ისტორია გააჩნია. რბოლა ტარდებოდა მაღალმთიანეთში - ხევსურეთში, თუშეთში, ფშავში, მთიულეთში, ასევე სამეგრელოსა და აფხაზეთში მიცვალებულის სახელზე, საეკლესიო და ხალხური დღესასწაულების დროს.
ტრადიციულად, დოღში ცხენების კენტი რაოდენობა მონაწილეობდა - 5-დან 35-მდე. ცხენებზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ, უწნავდნენ ფაფარს ნაწნავებში და ფერადი ძაფებით ურთავდნენ. მაგრამ უნაგირი ჰქონდა მხოლოდ ერთ ცხენს - რომელიც მიცვალებულის სახელზე იყო ნაკურთხი. დოღის გამარჯვებულს საჩუქრად გადასცემდნენ იარაღს, პირუტყვს, ტანსაცმელს და ა.შ.
დღეს დოღი ადგილობრივ დღესასწაულებზე მაღალმთიან რაიონებში ტარდება.