თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს მისამართით ბრალდებების ერთ-ერთი მიზეზი ქართული ხელისუფლებისადმი უკრაინის სპეცსამსახურების უნდობლობაა, განაცხადა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
„მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გამოიკვეთა ორი მოცემულობა. პირველი – უკრაინის მთავრობას, სპეცსამსახურებს საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სტრუქტურებისადმი ნულოვანი ნდობა აქვთ და მეორე – ამ ადამიანებს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ“, – განაცხადა ქემოკლიძემ ტელეარხ „პალიტრას“ ეთერში.
ამასთან, ქემოკლიძემ აბსურდი უწოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ განცხადებების უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ის წარმომადგენლები დგანან, რომლებიც დღეს უკრაინაში მაღალ პოსტებს იკავებენ.
„სასაცილოა, რომ დეპარტამენტის ვიღაც დირექტორი თითქოს უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ზეგავლენას ახდენს, ეს აბსურდია“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.
ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა, იუსტიციის ექს-მინისტრი ზურაბ ადეიშვილი – უკრაინის გენპროკურორის მრჩეველი, თავად ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.
ქემოკლიძე არ გამორიცხავს, რომ უკრაინული მხარე შეიძლება რაღაც ინფორმაციას ფლობს. თუმცა, პოლიტიკოსის აზრით, როდესაც პოლიტიკურ დონეზე მსგავს ბრალდებებს გამოთქვამენ, მინიმუმ კულისებს მიღმა კომუნიკაცია უნდა შედგეს.
„სხვა საკითხია, მათ ეს რატომ არ გააკეთეს... ტვირთი ქართულ მხარეზეცაა. ჩვენ ასე ღრმად არ უნდა შეგვეტოპა“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან „ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს ელოდება, რომ ისინი ამას არ აკეთებენ“.
უკრაინის პასუხად საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ეს უკრაინამ უნდა წარმოადგინოს საკუთარ ბრალდებებზე მტკიცებულებები, ან ბოდიში მოიხადოს. მათი თქმით, ბრალდებები აბსურდულია. თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პირველივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას.