პრემიერი რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას გაეცნო

სპორტკომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ რუსთავში ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
პროექტის მიზანია ქალაქ რუსთავში ინფრასტრუქტურული, შემეცნებითი, სპორტული და გამაჯანსაღებელი გარემოს გაუმჯობესება, რომლის შედეგადაც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა დანიშნულების სივრცითა და სპორტული ინვენტარით. შენობაში და მის მიმდებარედ განთავსდება სპორტული და სატრენაჟორო დარბაზები, მოსასვენებელი კუთხეები, კონცეპტუალური სივრცეები და ა.შ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვინაიდან ქალაქ რუსთავში ნიჩბოსნობის სპორტის სახეობას არსებობის მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, ნიჩბოსნობის კლუბის მშენებლობა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს როგორც ისტორიულ-კულტურული, ისე სპორტულ-შემეცნებითი თვალსაზრისით.
ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობა უკვე ფინალურ ეტაპზეა. პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად იყვნენ დასაქმებული ადგილობრივი მცხოვრებლები, ხოლო მას შემდეგ, რაც ნიჩბოსნობის სკოლა ფუნქციონირებას დაიწყებს, ქალაქში დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
პარალელურად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს არაერთი საინტერესო კონცეფციის დამუშავება სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებისა და განვითარების კუთხით.
რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება>>
პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა 18-23 წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე. მან აღნიშნა, რომ პროექტი იქნება უდიდესი მოტივაცია აღნიშნული ტრადიციული სპორტის მიმდევრებისთვის.
მიმდინარე სამუშაოებს, მთავრობის მეთაურთან ერთად, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნენ.