თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. იტალიური საკონდიტრო მწარმოებელი Ferrero ქვეყნების უმეტესობიდან უკან იწვევს შოკოლად Kinder-სიურპრიზსა და Kinder-ის ხაზის სხვა ნაწარმს — ეჭვის გამო, რომ პროდუქცია შესაძლოა სალმონელას შეიცავდეს, იუწყება Reuters-ი.
საუბარია, სავარაუდოდ, ბელგიაში მდებარე Ferrero-ს ქარხანაში წარმოებულ საკონდიტრო ნაწარმზე, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში გადის.
გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქცია სავაჭრო ქსელიდან მოიხსნება დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთში, ჩეხეთში, ავსტრალიასა და სინგაპურში.
6 აპრილს ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში სალმონელოზით ინფიცირების 134 შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
როგორც ევროკომისიის სპიკერმა სტეფან დე კერსმეკერმა განაცხადა, „ეპიდემიოლოგიური და ანალიტიკური მონაცემები არლონში (ბელგია) მდებარე შოკოლადის ქარხანაზე მიუთითებს“.
ამასთან Ferrero-მ განაცხადა, რომ გასაყიდად გამოშვებული მისი პროდუქციის არცერთ ტესტში სალმონელა არ გამოვლენილა.