ჯანდაცვის კომიტეტმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

დიმიტრი ხუნდაძის აზრით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, ფაქტობრივად, ნარკოტიკების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ კანონპროექტი ჩააგდო, რომელიც მარიხუანის შენახვის დეკრიმინალიზაციას ეხებოდა.
„გირჩის“ წევრების პოზიციაა, რომ მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა–შენახვა–გადაზიდვა–გადაგზავნა და გასაღებისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელი უნდა გაუქმდეს.

„იმით, რაზეც აქ ვმსჯელობთ, გარკვეულწილად მარიხუანის პოპულარიზაციას ვეწევით, მე ეს არ მომწონს და სახიფათოდაც მიმაჩნია. დეკრიმინალიზაცია უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და პოპულარიზაციის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ასეთი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ეს კანონპროექტი, მგონია, რომ პრაქტიკულად არის ლეგალიზების ტოლფასი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ კომიტეტი მზადაა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობით გადახედოს კანონპროექტს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ პოლიტიკის შემსუბუქების თვალსაზრისით, რაც საზოგადოებას არ დააზიანებს.
საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მისი შეძენა და შენახვა, მათ შორის პირადი მიზნებისთვის, ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.