გერმანიიდან ექსტრადირებულია პატიმრების ცემისა და წამებისთვის ძებნილი პირი

ექსტრადირებული პირი პატიმართა წამებაში დამნაშავედ ჯერ კიდევ 2014 წლის 25 თებერვალს ცნეს.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. გერმანიის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა პატიმართა წამებისთვის მსჯავრდებულის, სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების სარეჟიმო განყოფილების ყოფილი უფროსის ექსტრადირების შესახებ, ნათქვამია პროკურატურის ვებ-გვერდზე.
შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გენერალური პროკურატურის მიერ ძებნილი პირი გერმანიიდან სამშობლოში გადმოიყვანეს.
ბრალდებული 2014 წლის 25 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმართა წამების საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 2007 წლის 26 ივნისიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსის თანამდებობას.
მან ჯგუფთან ერთად შეიმუშავა მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები, რაც მიზნად ისახავდა მათ მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
გამოძიებით დადგინდა, რომ ის თანამშრომლებთან ერთად ეწეოდა პატიმრების სისტემატურ ცემასა და წამებას.
მსჯავრდებულის ქართული მხარისთვის გადმოცემა განხორციელდა, ერთი მხრივ, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და, მეორე მხრივ, გერმანიის კომპეტენტური ორგანოების ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად.
წყარო: საქართველოს პროკურატურა