თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არასწორად მიაჩნია კომენტარის გაკეთება ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტზე.
ამ პარტიის ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი უკვე რამდენიმე დღეა ვიზიტით მოსკოვში იმყოფებიან. ორშაბათს ისინი შეხვდნენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ვლადიმირ ჯაბაროვს. ფედერაციის საბჭოს ინფორმაციით, განიხილეს რუსულ–ქართული ურთიერთობების საკითხები.
„ვფიქრობ, არ არის საინტერესო, უადგილოა და, საერთოდ, ვფიქრობ, ამ თემაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება არასწორი იქნებოდა“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტი უკვე დაგმეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“. პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მსგავსი ვიზიტები მიუღებელია.
მარტის დასაწყისში „საქართველოს პატრიოტთა ერთიან ფრონტში“ შემავალმა 55-მა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ღია წერილით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს საქართველოს და უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს. წერილი სოციალურ ქსელში ინაშვილის გვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას. პარტიის ლიდერები არაერთხელ იმყოფებოდნენ მოსკოვში.
საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების მეშვეობით მიმდინარეობს.