კულტურის სამინისტრო „კულტურის კოდექსის“ პროექტზე მუშაობს

მინისტრის განცხადებით, კოდექსზე სამუშაოდ რამდენიმე თემატური ჯგუფია შექმნილი.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას „კულტურის კოდექსის“ პროექტის შემუშავებაზე.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მინისტრის პირველ მოადგილესთან კახა სიხარულიძესთან და სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან, მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად კულტურის კოდექსზე მომუშავე ერთ-ერთ ჯგუფთან შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე და მისი თეატრის საჭიროებებზე ადაპტაციის საკითხებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ სამუშაო ჯგუფს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი უხელმძღვანელებს.
კულტურული მემკვიდრეობა, სპორტი და ახალგაზრდობა: თეა წულუკიანის ათწლიანი გეგმა>>>
ჯგუფი ერთი თვის ვადაში სამინისტროს წარუდგენს თეატრის წინაშე მდგარი პრობლემების ნუსხას, მათი გადაჭრის გზებს და რეფორმის კონცეფციას, რომლის საფუძველზეც სამინისტრო შეიმუშავებს და ჯგუფს დასამტკიცებლად დაუბრუნებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.
მოგვიანებით დაიწყება კონსულტაციები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან, რის შემდეგაც მოცემული ცვლილებები კანონმდებლობაში აისახება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალმა ცვლილებებმა დაარეგულიროს არა მხოლოდ სახელმწიფო თეატრების საქმიანობა, არამედ საკანონმდებლო ბაზა უფრო მეტად ხელშემწყობი გახადოს კერძო თეატრებისთვის და ასევე იმ თეატრებისთვის, რომლებიც არიან კულტურის სახლებში განთავსებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი არეგულირებდეს თეატრის მომიჯნავე სფეროებსაც, რომლებიც მიმართული უნდა იყვნენ იმისკენ, რომ საქართველოში ქართული თეატრი კიდევ უფრო განვითარდეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრა ნაყოფიერი, საინტერესო და დისკუსიებით სავსე იყო. წულუკიანმა ამ პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს, მათ შორის, პარლამენტის კულტურის კომიტეტს, რომლის წარმომადგენელი კულტურის სამინისტროს სამუშაო ჯგუფებში პირველივე დღიდან არის ჩართული.