ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) შეაჯამა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები, რომელიც 2 აპრილს ჩატარდა, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
2 აპრილს გაიმართა რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატად არჩეულ იქნა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი, რომელმაც 34.333 ხმა (90,61%) მიიღო.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მამუკა ტუსკაძემ პარტიიდან „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ მიიღო 2.634 ხმა (6,95%), ხოლო „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა კამალ მურადხანოვმა – 923 ხმა (2,44%).

„აღსანიშნავია, რომ როგორც კენჭისყრის დღე, ისე შემდგომი საარჩევნო პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ განხორციელდა ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება. ამასთან, ხელახლა გადაითვალა ხუთი საარჩევნო უბნის შედეგებიც.
„ბიულეტენების გადათვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისთვის დარეგისტრირებული იყო 139.989 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 40.614-მა ამომრჩეველმა.