მეუფე შიო: ადამიანის გულში რომ შემოვიდეს ქრისტე, ამისთვის დიდი სულიერი ღვაწლია საჭირო

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. დღეს არის ხარება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.
ღვთისმშობლის ხარება — ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს (ძველი სტილით 25 მარტს) აღნიშნავს — ქრისტეშობამდე 9 თვით ადრე. ამ დღეს არა მხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისთვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისგან გამოხსნა გადაწყვიტა.

„ხარება – ეს არის დღე, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა ყოვლადწმინდა ქალწულს და ახარა მას, რომ მასზე გარდამოვა სულიწმინდა, თავის წიაღში ჩაისახება, მისგან იშვება მომავალი მხსნელი სოფლისა, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე... ადამიანი ირჩევს, მიიღოს თუ არა ეს ხარება, მიიღოს თუ არა თავის გულში ქრისტე, როგორც მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა", – განაცხადა მეუფე შიომ.

პატრიარქის თანამოსაყდრემ მოუწოდა მრევლს, დაფიქრდნენ საკუთარ ცხოვრებაზე და ევედრონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ უფალი იესო ქრისტეს ცხოვრება, მისი ტანჯვა, ჯვარცმა, მკვდრეთით აღდგომა არ იყოს ადამიანებისთვის ამაო.
„ყოველთვის ვევედროთ ამისთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენშიც ჩაისახოს, ჩვენშიც აღორძინდეს უფალი იესო ქრისტე, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი ცხოვრებაც და ჩვენი მარადიული ცხოვრებაც უფალ იესო ქრისტესთან“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.