ეს შეურაცხმყოფელია: სუბარი უკრაინის დაზვერვის სამმართველოს განცხადებაზე

დეპუტატის თქმით, არსებობს გარკვეული საკითხები, სადაც ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ქვეყნისა და ხალხის ინტერესები.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ამას სჭირდება შესაბამისი საბუთების წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს წინაშე ბოდიშიც უნდა მოიხადონ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდული საქონლის შესვლასთან დაკავშირებით უკრაინის ბრალდებას.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

„ხშირად გვითქვამს, რომ გაოცებული ვართ იმ განცხადებებით, რაც გვესმის უკრაინის მაღალი თანამდებობის პირის თუ პოლიტიკოსის მხრიდან, თუმცა გაოცებასთან ერთად ეს ძალიან შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინას გვერდით დაუდგეს, თუმცა, არსებობს გარკვეული საკითხები, სადაც ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ქვეყნისა და ხალხის ინტერესები.
უსუფაშვილს საქართველოს მიმართ უკრაინის ბრალდებების უტყუარობაში ეჭვი შეეპარა
მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინას, წარმოადგინოს მტკიცებულებები რუსეთში კონტრაბანდის ბრალდებასთან დაკავშირებით. უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ის, რაც უკრაინამ განაცხადა, განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია.
სუსმა ასევე შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აღნიშნულ ბრალდებას სრულიად უსაფუძვლო და აბსურდული უწოდეს. საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პირველივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას, აღნიშნეს სამინისტროში.