თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლაგუნა ვერესთან“ სროლის საქმეზე ოთხ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 2 აპრილს მოხდა კოსტავას შესახვევში მდებარე ერთ-ერთ ოფისში. ჩხუბი, რომელშიც დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, სროლაში გადაიზარდა. სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი – კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე, რამდენიმე კი დაშავდა. საქმეზე სულ ხუთი პირი დააკავეს.
ერთ-ერთი დაკავებული – კობა მეტრეველი კონსტანტინე ქობულიას განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული, ხოლო გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი და გიორგი პეტრუშკოვი – დანაშაულის შეუტყობინებლობაში. დაკავებულთაგან არცერთი ბრალს არ აღიარებს. ჯერჯერობით დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.
მეტრეველის თქმით, ის კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის დაცვის თანამშრომელია და მისი დაცვა ევალებოდა. რაც შეეხება დანარჩენ სამ ბრალდებულს, მათ სასამართლოზე განაცხადეს, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდა და ყველა ცდილობდა საკუთარი თავის დაცვას.
„აუცილებლად უნდა დამერეკა პოლიციაში, ახლა გეტყვით, რატომ ვერ დავრეკე. სიმაღლის შიში მაქვს და მე-4 სართულიდან გადმოვხტი, არაადამიანურ მდგომარეობაში ვიყავი. „კაპეზეში“ კი არა, ფსიქიატრიულში უნდა ვიყო, ისეთი რამ გამოვიარე“, – განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი გელოვანმა, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
პროკურორ გია შაიშმელაშვილის თქმით, ორ დაჯგუფებას შორის კონფლიქტი არ ამოწურულა და არ არის გამორიცხული, რომ შურისძიების ახალი ფაქტები მოხდეს.
კიდევ ერთი ფიგურანტი გიორგი ქველიაშვილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არის დაკავებული. მას პატიმრობა გუშინ შეეფარდა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 4 მუხლით: „ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“ (109-ე მუხლის მე-3 პუნქტი), „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ“ (117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა“ (376-ე მუხლის მეორე ნაწილი), „ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“ (236-ე მუხლი).