თეა წულუკიანი გორის დრამატულ თეატრს ესტუმრა

კულტურის მინისტრი გორის თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა და თეატრში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა და თეატრში არსებულ ვითარებას გაეცნო.
მინისტრმა თეატრის შენობა სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსთან გიორგი ბოცვაძესთან ერთად დაათვალიერა; თეა წულუკიანი ასევე თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობთა დასს შეხვდა.
შეხვედრისას მინისტრმა შემოქმედებით პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გორის თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს სამინისტროსგან სრული ნდობა გააჩნია. გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 2022 წლის მარტში, კონკურსის შედეგად, ნიკოლოზ ჰაინე–შველიძე დაინიშნა.

„რასაკვირველია, ჩვენ გამოვიყენებთ აქ არსებულ შემოქმედებით-საკადრო რესურსს, მიუხედავად ასაკისა, და ეს თეატრი ღია დარჩება ახალგაზრდებისთვის, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი იქნება არა ასაკი, არამედ ნიჭი და ის სერიოზულობა, რომლითაც თითოეული შემოქმედი ადამიანი უდგება ქართული თეატრის განვითარებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან გამომდინარე, რაც გორის თეატრის წინაშე დგას, სამინისტრო შესაბამის თანხებს მოიძიებს, რათა მიმდინარე წელს დაფინანსდეს თეატრის რეკონსტრუქციის პროექტის შექმნა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის შესაბამისად მომავალ წლებში ყველაფერი გაკეთდება უდიდესი ტრადიციების მქონე თეატრის შენობის გადასარჩენად.