თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უარყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადება საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანის შესახებ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ამტკიცებს, რომ რუსეთი მასზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით ქმნის არხებს, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზეც გადის. ამავდროულად, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტებისთვის მათ საქმიანობაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრალდებას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ“, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას, განაცხადეს სამინისტროში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებაზე, მაგრამ შეუერთდა საერთაშორისო საფინანსო სანქციებს.
წყარო - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო