„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვსა და თბილისს შორის თანამშრომლობის მომხრეა

Sputnik
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია, განაცხადა მოსკოვში პარტიული დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა.
რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ვლადიმირ ჯაბაროვთან შეხვედრაზე რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს, ნათქვამია ფედერალური საბჭოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

„დავით თარხან-მოურავმა მოგვაწოდა ინფორმაცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მოღვაწეობის შესახებ და აღნიშნა, რომ პარტია საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს. მან ასევე სურვილი გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარებისა და შემდგომი მხარდაჭერის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯაბაროვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელიც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა“, – დასძინა რუსმა სენატორმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების მეშვეობით მიმდინარეობს.