თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას 48 არამეგობრული ქვეყნის მოქალაქეებისთვის საპასუხო სავიზო ზომების შემოღების შესახებ.
დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.
აღნიშნული ბრძანებულების თანახმად, ჩერდება სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებები რუსეთსა და ევროკავშირს, ასევე რუსეთსა და ნორვეგიას, დანიას, ისლანდიას, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინს შორის.
კერძოდ, ეს პუნქტები ეხება ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების წევრებს, ასევე ჟურნალისტებს. ამრიგად, შეჩერებულია ნორმა, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს რუსეთში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ.
დოკუმენტი ასევე აწესებს პერსონალურ შეზღუდვებს რუსეთში შესვლისა და ყოფნის შესახებ „არამეგობრული ქმედებების ჩამდენი მოქალაქეებისთვის“. ამასთან განკარგულებაში არ არის განმარტებული, არამეგობრული ქვეყნების მცხოვრებლების სახელდობრ რომელ კატეგორიებს ეხება ეს შეზღუდვები.
რუსეთის პრეზიდენტმა უკვე დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი შეტყობინებები გაუგზავნოს ევროკავშირის წარმომადგენლობას და ჩამოთვლილი ქვეყნების საელჩოებს.
რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ.
28 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სავიზო შეზღუდვები დაუწესა რუსეთის მიმართ არამეგობრულ 48 ქვეყანას. უწყების განმარტებით, შეზღუდვები არ შეეხება რიგით მოქალაქეებს.
მანამდე ევროკავშირის არაერთმა წევრმა ქვეყანამ სრულიად შეზღუდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა, ხოლო ევროკომისიამ „შავ სიაში“ მყოფი რუსებისთვის „ოქროს პასპორტების“ გაუქმება მოითხოვა.