აუარესებს შედეგებს: ოთხი რამ, რაც ვარჯიშის შემდეგ იკრძალება

Sputnik
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. არსებობს ოთხი რამ, რის გაკეთებაც არაფრით არ შეიძლება ფიზიკური ვარჯიშის დამთავრებისთანავე, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, საკუთარ სხეულზე ზრუნვა სპორტდარბაზში არ იწყება და არც იქვე მთავრდება, თავს ყურადღება ვარჯიშის დასრულების შემდეგაც უნდა მიაქციოთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ და ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.
ექსპერტების რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

არ თქვათ უარი ჭამაზე

რა თქმა უნდა, ვარჯიშის შემდეგ დაუყოვნებლივ სამზარეულოში არ უნდა გაიქცეთ, მაგრამ არც პაუზის გაჭიანურება არ არის საჭირო. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ორგანიზმს საკვები ნივთიერებებით, ამინომჟავებითა და ნახშირწყლებით შევსება ესაჭიროება. ამიტომ კარგი იქნება, თუ ვარჯიშის დამთავრებიდან დაახლოებით 30-60 წუთის შემდეგ შეჭამთ — ოღონდ სწორად და დაბალანსებულად.

ნუ შეჭამთ ყველაფერს

სწორი დიეტა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ვარჯიში. ამიტომ შეეცადეთ, მაქსიმალურად კომპეტენტურად შეადგინოთ კვების გეგმა. მაგალითად, უპირატესობა მიანიჭეთ რთულ ნახშირწყლებსა და უცხიმო საკვებს. გახსოვდეთ, რომ ვარჯიშის შემდგომი კვების მთავარი მიზანია ნახშირწყლებისა და ამინომჟავების სისხლში რაც შეიძლება სწრაფად მოხვედრა და კუნთების უჯრედებში გადანაწილება.

არ გადატვირთოთ ორგანიზმი

იდეალური ვარიანტია ვარჯიშის შემდეგ ერთსაათიანი ძილი. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს, კარგი იქნება, თუ სხეულს საკმარის დროს „მისცემთ“ დასვენებისთვის. ეს ვარჯიშის შედეგს მაქსიმალურად ეფექტურს გახდის.

ნუ იტყვით უარს წყალზე

საიდუმლო არ არის, რომ ვარჯიშის დროს ორგანიზმი წყალს კარგავს. ამიტომ ერთსაათიანი ვარჯიშის შემდეგ ელექტროლიტების შემცველი სითხე უნდა მიირთვათ — როგორიცაა ქოქოსის წყალი, იზოტონური სასმელი ან ამინომჟავების კომპლექსი.
ნუ მიეძალებით სპორტულ სასმელებს, ვინაიდან ისინი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. მათი დალევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამძლეობაზე ვარჯიშობთ. სხვა შემთხვევაში უფრო შესაფერისია ჩვეულებრივი წყალი ან სასმელები შაქრის დაბალი შემცველობით.