ირაკლი ღარიბაშვილი: რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა ავაშენოთ

მთავრობა მომავალ კვირაში ბიზნესისთვის წინადადებათა პაკეტის წარდგენას გეგმავს.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს ახალი ჰიდროელექტროსადგურები სჭირდება, რადგანაც ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
„მოხმარება იზრდება, ამ დროს კი გენერაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას, რაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას და, ზოგადად, ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტემპები უნდა დაჩქარდეს.

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში, იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ჰესები“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, მან ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს დაავალა უახლოეს დღეებში შეიმუშავონ და წარადგინონ შესაბამისი მოდელი.
„ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში მექნება შესაძლებლობა – ბიზნესს წინადადებათა პაკეტი შევთავაზო, რათა ხელი შევუწყოთ დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.