„ეპიდვითარება გაუმჯობესებულია“ - ღარიბაშვილი

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ეპიდვითარების მიმდინარე ტენდენციებს დააკვირდებიან და მთავრობის შემდგომი გადაწყვეტილებებიც ამის მიხედვით იქნება მიღებული.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის კუთხით ეპიდვითარების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, აზარაშვილი ეფექტურად ჩაერთო საქმიანობაში და წარმატებით უძღვება სამინისტროს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო 7 დღეში კორონავირუსით ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 415-ია და ის კლებას განაგრძობს.

„ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, შევამსუბუქეთ რეგულაციები, შეზღუდვები. ჩვენ დავაკვირდებით მიმდინარე ტენდენციებს, დინამიკას და შესაბამისი იქნება ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებებიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამჟამად მხოლოდ დაახლოებით 4 ათასი ინფიცირებულია.
„დღეს იყო, მაგალითად, სულ 200 შემთხვევა. სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, დღეს კიდევ იყო გარდაცვალების ორი შემთხვევა, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაკლებულია. კოვიდ-კლინიკებში 500-ზე ნაკლები პაციენტი განაგრძობს მკურნალობას", – აღნიშნა პრემიერმა.
თებერვლის შუა რიცხვებიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში მკვეთრად გაუმჯობესდა. მეექვსე ტალღის პიკის დროს, 31 იანვარს 26 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ყოველდღიური მაჩვენებელი 300–400 შემთხვევას შეადგენს.