წყალტუბოში მდინარეში დაკარგული ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცდა და ის მდინარე ლეხიდარში ჩავარდა. უბედური შემთხვევა 2 აპრილს მოხდა
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში, მდინარეში გაუჩინარებული მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს. გარდაცვლილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული.
სამძებრო ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის ორი მყვინთავი. ტერიტორიის მონიტორინგში ასევე ჩართული იყო საფრენი აპარატი – დრონი.
17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცდა და ის მდინარე ლეხიდარში ჩავარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში 2 აპრილს შევიდა.