თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში მაშველები მდინარეში გაუჩინარებულ მოზარდს მეორე დღეა ეძებენ.
17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცდა და მდინარე ლეხიდარში ჩავარდა. მის საშველად მდინარეში მამაკაცი შევიდა, რომელიც მალევე ამოვიდა, ხოლო მოზარდი ამ დრომდე ვერ იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში 2 აპრილს შევიდა.
„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში სოფელ ლეხიდრისთავში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობით გამოცხადდნენ და დაიწყეს გაუჩინარებული მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამსახურის ცნობით, ოპერაციაში 45 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. ისინი ახორციელებენ მდინარის სანაპირო ზოლის და ზედაპირის დათვალიერებას. ასევე, ტერიტორიის მონიტორინგი ხდება საფრენი აპარატის - დრონის მეშვეობითაც.
გარდა ამისა, საძიებო ღონისძიებაში ჩართულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფი და სპეციალური მცურავი საშუალებები. ტერიტორიაზე მოწყობილია საველე შტაბები, მდინარე რიონსა და ლეხიდარის შესართავთან მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები და მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი.