თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, დღეს 18:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, ჟვანიასა და 9 აპრილის ქუჩების დახმარებით გადაადგილდნენ, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას გამოიყენონ გუდიაშვილის, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩები.
აღნიშნულ პერიოდში ახალი სქემით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
„ევროპული საქართველოს“, „ტაბულას“, „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ ორგანიზებით, 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია „უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად“ იმართება.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ აქციის წინ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მონტაჟდება 3 დიდი ეკრანი, სადაც სპეციალურად აქციისთვის შექმნილი ფილმი გავა.
წყარო - თბილისის მერია