თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მინდვრის და ბალახის 19 ხანძარზე მოახდინეს რეაგირება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეც-ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება“, -აღნიშნავენ უწყებაში
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხანძრის ყველა აქტიური კერა ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს.