თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადებიც. მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა მესამე და მეოთხე სართულზე მდებარე ბინები.
ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება.
„დაზარალებულია ოთხი ოჯახი, რომლებსაც შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დახმარებას გავუწევთ. ჩვენ ასევე გვაქვს პროგრამა და ამ ოჯახებს დროებით საცხოვრებელში, ქირით გადავიყვანთ. ახლა ვარკვევთ, ვის სჭირდება ოპერატიული დახმარება“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
მისი თქმით, დაზიანებულია სახურავი და მის შეკეთებას მერია უმოკლეს დროში შეეცდება.
„ხვალიდან წვიმებია გამოცხადებული და დროებით გადახურვას დილიდანვე დავიწყებთ“, - აღნიშნა მერმა.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მერის თქმით, ისინი ჯერჯერობით უცნობია.
წყარო - „პირველი არხი“.