თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისში ხვალ, 2 აპრილს, მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მიერ შესრულებული ნახატები.
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე (World Autism Awareness Day) გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს დააწესა. 2008 წლიდან ეს დღე ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება.
გამოფენა შაბათს, 14:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის 26 მაისის სახელობის დარბაზში გაიხსენება და ერთი კვირას გასტანს.
გახსნას დაესწრებიან დაავადებათა კოტროლისა და ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენლები, აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშთა მშობლები და ბავშვები, სამოქალაქო საზოგადეოების წარმომადგენლები, დაინტერესებული ადამიანები.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.