სსფ უახლოეს წლებში საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა საქართველოს დასახმარებლად, თუ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგები პროგნოზირებულზე უფრო სერიოზული იქნება.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 3%-მდე გაიზრდება, თუმცა ზრდა 2023 წელს აჩქარდება ხელისუფლების სწორი პოლიტიკის გამო, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) განცხადებაში.
საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიღწეულია შეთანხმება ქვეყნისთვის ახალი სამწლიანი პროგრამის შესახებ. გადარიცხვები პროგრამის მიხედვით შეადგენს 289 მლნ დოლარს (210 მლნ SDR).

„საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპები 2022 წელს დაახლოებით 3 პროცენტამდე შემცირდება, ასევე მოსალოდნელია ინფლაციისა და მიმდინარე ოპერაციების ანგარიშების დეფიციტის ზრდა. საქართველოს ეკონომიკამ წარსულში სიმტკიცე აჩვენა და ხელისუფლების პროგრამის ფარგლებში პოლიტიკის მხარდაჭერის შემთხვევაში ველოდებით, რომ ზრდა 2023 წელს დაჩქარდება, სხვა საკვანძო მაჩვენებლები ასევე გამყარდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წელს იგეგმება საბიუჯეტო რეზერვების აღდგენა და მათი მიმართვა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და განათლება. თუმცა სსფ მზადაა ქვეყანას დამატებით დაეხმაროს, თუ უკრაინაში მოვლენების შედეგები უფრო სერიოზული იქნება.
„თუ მსოფლიო ფასების ზრდა ნედლეულ საქონელზე მოსალოდნელზე სერიოზული იქნება, საქართველოს შეუძლია განიხილოს მოსახლეობის მოწყვლადი ფენების დახმარება პროგრამის ფარგლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველო და სსფ დახმარების სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ>>
ამასთან სსფ აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადო ყურადღებას უთმობს ინფლაციის მიზნობრივ დონემდე დაყვანის საკითხს და შესაძლებელია ამ საკითხში მნიშვნელოვანი პროგრესი მომავალ წელსაც, რადგანაც სუსტდება გლობალური ფაქტორები, რომლებიც ფასების ზრდას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს, თუმცა მას მოწყვლადს ხდის დოლარიზაციის მაღალი დონე.